Friday, March 26, 2010

მოდელირებული ,,ქრონიკა”


ჯერ ქართველ ხალხს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები არ ჰქონდა კარგად გააზრებული, რომ უეცრად ტელეკომპანია “იმედის” ეთერით 13 მარტს ”ქრონიკის” “მოდელირებული გამოშვება” გავიდა, სადაც 2010 წლის 7 ივნისის მოვლენები ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს ოპოზიციამ არჩევნები წააგო, აჯანყდა, ამით რუსეთმა ისარგებლა და საქართველოს სრული ანექსია განახორციელა, გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციის შესახებ. ტელეკომპანია “იმედის” ვერსიით, ოპოზიციის ნაწილი რუსეთს საქართველოს ანექსიაში დაეხმარა.  
მოდელირებული ქრონიკის პროდიუსერმა განიზრახა წინასწარ დაგეგმილი სცენარით მაყურებლისთვის დიდი დარტყმა მიეყენებინა. თუმცა "ჯორჯიან იმედი პროდაქშენ გრუპის” ხელმძღვანელი გიორგი არველაძე აცხადებს, რომ “ტელეიმედის” ეთერში გასული “მოდელირებული ქრონიკის” მიზანი საზოგადოების დაშინება არ ყოფილა. მისი განცხადებით, “იმედის” ხელმძღვანელობა აცნობიერებს იმ შედეგებს, რაც აღნიშნულმა გადაცემამ გამოიწვია და საზოგადოებას ბოდიშს უხდის. მისი თქმით, თითის გაშვერას არავისკენ აპირებს და მომხდარზე პასუხისმგებლობას თავად იღებს.
ბოდიში კი ამგვარ დროს ნაკლებად თუ აინტერესებს საზოგადოებას. როდესაც ამგვარი გადაცემა მზადდება, კეთილი უნდა ინებოს არხმა და მინიმუმ ერთი კვირის მანძილზე ხშირად უნდა მიაწოდოს მაყურებელს რეკლამის სახით, რომ ეთერში გავა იმიტირებული გადაცემა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს 2010 წლის ზაფხულში. 
 “ტელეკომპანია “იმედის” ეთერში “ქრონიკის” “მოდელირებული გამოშვების” სატელევიზიო კომენტარებით სააკაშვილმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრაქტიკულად დაადასტურეს, რომ ამ გადაცემის იდეა, მისი ფორმა და შინაარსი ხელისუფლებიდან მოდის. სააკაშვილის განცხადებით “ქრონიკის რეპორტაჟი მაქსიმალურად ახლოს იყო იმასთან, რაც შეიძლება მოხდეს”. იგივეს იმეორებს “იმედის” ხელმძღვანელი არველაძეც.
ტელეკომპანია ,,იმედისთვის” ვფიქრობ, საკმაოდ წამგებიანი იყო ეს გადაცემა. არხმა დაკარგა ნდობა, ისევე როგორც მასში მომუშავე ჟურნალისტებმა.  
15 მარტს საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით გავრცელდა საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის საბჭოს განცხადება ტელეკომპანია „იმედის” ეთერით რუსული ინტერვენციის მოდელირებული საინფორმაციო გამოშვების შესახებ, სადაც საბჭოს წევრები ჟურნალისტების პასუხისმგებლობის საკითხზე მიუთითებენ. როგორც საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თოქ-შოუს წამყვანმა ნათია კობერიძემ, რომელიც, იმავდროულად, ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსის ხელმომწერიცაა, უხეშად დაარღვია პროფესიული ნორმები. ამგვარად, ამ გადაცემის გასვლის შემდეგ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა თვით ჟურნალისტთა ეთიკის საბჭოს კომპეტენციაც, რომელსაც არაერთმა ჟურნალისტმა მოაწერა ხელი. 
მოდელირებულ “ქორნიკას” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II-ც გამოეხმაურა:
“‘არ შეიძლება უკონტროლო იყოს ესა თუ ის არხი და ასეთ უმსგავსობებს გადასცემდეს. ეს გადაცემა ხალხმა მიიღო, როგორც სინამდვილე და თუკი ეს მართლაც მოხდა, ხალხი ამას აღარ დაიჯერებს. შევთხოვოთ უფალს, რომ სიმართლისა და ჭეშმარიტების გზაზე დავდგეთ’’, - ბრძანებს უწმინდესი.
აშშ-ს ელჩის საქართველოში ჯონ ბასის შეფასებით, "მოდელირებული ქრონიკა" უპასუხისმგებლობა იყო და ჟურნალისტურ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. 
"გადაცემა არ მინახავს, მაგრამ მოსახლების რეაქციიდან გამომდინარე გასაგებია საუბარი რაზეც იყო. ეს იყო უპასუხისმგებლობა და ნამდვილად არ შეესაბამებოდა ჟურნალისტულ სტანდარტებს", - აღნიშნა ბასმა. 
აშშ-ს ელჩის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები ისედაც გართულებულია და მას კიდევ სენსასციის დამატება არ სჭირდება. 
"მე ველოდები, რომ ამ ფაქტს ლოგიკური პასუხი გაეცემა", - განაცხადა ჯონ ბასმა.
ამ ყველაფერზე ხალხმა პახუსი უნდა მოსთხოვოს არხს, მაგრამ პასუხად ,,ბოდიში” ვფიქრობ ნაკლებად მისაღები და გასათვალისწინებელია. არხის რეაბილიტაციას დიდი დრო დასჭირდება. 

No comments:

Post a Comment